თანასწორობის რეპორტიორი

Back ლალე სოფიევა - თანასწორობის რეპორტიორი

ლალე სოფიევა - თანასწორობის რეპორტიორი

ადამიანთა თანასწორობა საუკუნეების მანძილზე მოუგვარებელი და დღემდე აქტუალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში. 21-ე საუკუნეში ადამიანთა გარკვეულ ფენებსა და ჯგუფებს კვლავ უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად. მიუხედავად ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა, მაინც გვხვდება დისკრიმინაციის სხვადასხვა სახის უამრავი შემთხვევა.

საუკუნეების წინ უხეშად ირღვეოდა ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალის უფლებები. ამის მაგალითებია ადამიანთა მონობა, ქალებისთვის ყოველგვარი შესაძლებლობის წართმევა და მათი ჩაგვრა. ისტორიის ფურცლები სავსეა ამგვარი საკითხებით. საუბარი არ ეხება მხოლოდ გენდერულ თანასწორობას, არამედ, მაგალითად, ასევე ფერადკანიანთა წამებას მათი განსხვავებული კანის ფერის გამო. მაღალი ფენის საზოგადოებას არასწორი შეხედულებები ჰქონდა დაბალი ფენის წარმომადგენლებზე, რაც ყველგან და ყველაფერში ნათლად იგრძნობოდა.

წლები გადიოდა, თაობები იცვლებოდნენ და თანასწორობას თანდათან უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა. სწორედ თაობების შეცვლა უწყობდა ხელს ახალი შეხედულებების განვითარებას. ყოველი ახალი აზროვნება, ახალი ინდივიდი არის  ხვალინდელი დღის იმედი. განათლებული და გონიერი საზოგადოება იბრძოდა ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად და შემდეგ ამ იდეებით თაობებს ზრდიდა.

მინდა, გაგაცნოთ ფარი-ხანუმ სოფიევა, დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი ქალი მსოფლიოში, რომელმაც თავისი სამაგალითო და დღემდე საიდუმლოებით მოცული ისტორიებით მსოფლიო გააოცა და ასი წლის შემდეგაც  მისი საქმიანობა მისაბაძია. ფარი-ხანუმ სოფიევა არის ჩემი დიდი ბებია. დაიბადა 1884 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. ის მრავალშვილიანი ოჯახის მეორე შვილი იყო. მშობლები ადრე გარდაეცვალა და პატარაობიდანვე  ბევრი ვალდებულება დაეკისრა. ის ოჯახის მარჩენალი გახდა. ფარი-ხანუმს მომავალში ძალიან რთული ცხოვრება ელოდა.

დროთა განმავლობაში სოფელში მისი ავტორიტეტი გაიზარდა.  სოფლის  ერთ-ერთი მრჩეველი  სწორედ ფარი-ხანუმი იყო.  დავებს,  მოუგვარებელ საკითხებს ის წყვეტდა. მიუხედავად იმისა, რომ უხეშად არღვევდა იმდროინდელი მუსლიმი ქალის იმიჯს, ხალხი მას პატივს სცემდა და ენდობოდა. ეს კი მაშინდელი საზოგადოებისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო.

მოგვიანებით ფარი-ხანუმი ინტეგრირდა ქალაქში. ისწავლა ქართული ენა და გაიცნო ბევრი ადამიანი, რომლებიც ხელს უწყობდნენ თანასოფლელების დახმარებაში. მას თბილისში უკვე ჰყავდა ნაცნობი ექიმები. შესაბამისად, მათ, ვისაც მკურნალობა სჭირდებოდა, არა მხოლოდ საკუთარი სოფლიდან, არამედ მთელი რეგიონიდან,  ქალაქში მიჰყავდა სამკურნალოდ.

1918 წელს საქართველოში ყალიბდებოდა პირველი რესპუბლიკა. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭირო იყო არჩევნების ჩატარება. მაშინ, როდესაც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ქალებს ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ, ფარი-ხანუმი ამ არჩევნებში ყარაიაზის (გარდაბანი) ოლქიდან იყრიდა კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ამ დროს ის სულ რაღაც 34 წლის იყო. არჩევნების შედეგად, ფარი-ხანუმი თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა ყარაიაზის ოლქიდან. სწორედ ავტორიტეტი იყო მისი გამარჯვების ყველაზე მთავარი მიზეზი. ამის შემდეგ ფარი-ხანუმი უფრო აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის, გენდერული თანასწორობისა და  ხალხთა ინტეგრაციისთვის. მას თბილისში ბინა ჰქონდა. სოფლიდან რამდენიმე გოგონა წაიყვანა ქალაქში სასწავლებლად. განათლების მიღების შემდეგ ისინი სოფელში დააბრუნა და სკოლაში მასწავლებლად დააწყებინა მუშაობა. ფარი-ხანუმი განსაკუთრებულად იცავდა ქალთა უფლებებს და ცდილობდა, მათი ინტერესები პირველ რიგში დაეყენებინა. ძალიან აწუხებდა უთანასწორობა, ქალების ჩაგვრა და ძალისხმევას არ იშურებდა, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები შეეცვალა, ხალხისთვის ეთქვა, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია, განურჩევლად რელიგიისა, კანის ფერისა და ეთნიკური წარმომავლობისა. ეს ინფორმაციები მე ბაბუაჩემისგან მოვისმინე. ფარი-ხანუმზე ის მუდამ სიამაყით საუბრობდა. პატარაობისას ეს საკითხები ბოლომდე კარგად არ მესმოდა, თუმცა ახლა, როდესაც ამ ყველაფერს ვაანალიზებ, ძალიან მიკვირს.

სამწუხაროდ, ფარი-ხანუმის ცხოვრება რთულად წარიმართა, მისი 5 ძმა საბჭოთა კავშირის დროს დახვრიტეს. ამ ფაქტმა მასზე ძალიან იმოქმედა. ფარი-ხანუმი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა წყობას და ტოტალიტარული რეჟიმით უკმაყოფილო იყო.

ძმების დახვრეტის შემდეგ ობლად დარჩენილ ძმისშვილებზე ზრუნვაც ფარი-ხანუმს დაეკისრა, საკუთარი ოჯახი მას არ შეუქმნია,  

როგორც ამბობენ, მის უმცროს ძმას მოსკოვის სასამართლომ  სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა ფარი-ხანუმმა, მოლაპარაკებების შედეგად, ეს დრო გაახანგრძლივა. სოფელში უხუცესები დღესაც იხსენებენ - ისეთი ძლიერი და გავლენიანი იყო, თავისი ძმა სიკვდილისგან იხსნაო.

სოფელში ის ხშირად გამოდიოდა სიტყვით და ხალხში ცნობიერების ამაღლებას ცდილობდა. როგორც უხუცესები ამბობენ, ფარი-ხანუმი ძლიერი პიროვნება იყო, ბევრი განსაცდელი გადაიტანა. სამწუხაროდ, ამ ტკივილების გამკლავება დიდხანს ვერ შეძლო და 1953 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. სოფლის მოსახლეობამ ეს ამბავი ძალიან განიცადა, რადგან მას თავიანთ იმედად აღიქვამდნენ.  ფარი-ხანუმის მიერ დატოვებული კვალი დღესაც ცოცხლობს სოფელში და მისი შთამომავლები ვცდილობთ, ღირსეულად მივყვეთ მას.

რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, იმ თემსა და სოფელში, სადაც ფარი-ხანუმ სოფიევა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იბრძოდა სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, დღეს, 21-ე საუკუნეში, კვლავ უხეშად ირღვევა ქალთა უფლებები. თემის დიდი ნაწილი  სრულფასოვნად არ არის ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებასთან. ბევრი ოჯახი შვილს (გოგონას) უშლის სწავლას და ოჯახის შექმნას აიძულებს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონი საკმარისი არ არის პრობლემის მოსაგვარებლად. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა როგორც ცალკეული ინდივიდების, ისე სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რათა ყველა მოქალაქემ, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულფასოვან და საჭირო ადამიანად იგრძნოს თავი.

თანასწორობის რეპორტიორის კონკურსი ჩატარდა ევროპის საბჭოსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებშირომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
I choose equality logo