მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დავაა, რაც საქართველოს ჰქონია არბიტრაჟში – იურისტი ანაკლიის კონსორციუმის სარჩელზე

5f2310d577174
თამთა ჯიჯავაძე
30.07.20 23:40
1030
ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთული დავაა, რაც საქართველოს ჰქონია არბიტრაჟში, – ამის შესახებ BLC-ის იურისტმა ქეთი ქვარცხავამ “საქმის კურსში“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მთავარი უცხოელი ინვესტორის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელის შეტანაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არ არის პირველი დავა, რაც მიგვყავს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალების წინაშე. სხვადასხვა სირთულის დავას სხვადასხვა პერიოდულობა ახასიათებს. ასეთი ტიპის დავის განხილვა ალბათ არც დაიწყება ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში. დავას ალბათ ორი წელი და ცოტა მეტიც დასჭირდება“, – განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.

შეგახსენებთ, ორი დამოუკიდებელი სარჩელი არბიტრაჟში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ბობ მეიერმა შეიტანეს, რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი მეწილე იყო.

„როგორც საქართველოს კანონმდებლობაში, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობაში მოცემულია კეთილსინდისიერი კონტრაგირების წესები. კონტრაგენტი, ანუ კონტრაქტის მხარე უნდა მოიქცეს კეთილსინდისიერად იმ ვალდებულებების და უფლებების მიმართ, რომელიც მას გააჩნია. ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი, გარდა სხვა პრინციპებისა, რომელიც ცხადია სარჩელში გვაქვს მითითებული, ცალსახად დაირღვა.

მე ასევე ვახსენე ფორსმაჟორული გარემოება, რომელიც ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. კერძოდ, ხელშეკრულება ითვალისწინებს გარემოებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ობსტრუქციის გამო კონტრაქტი ვერ ხორციელდება. ანუ გარემოება, რომელიც სცილდება ვალდებულების შემსრულებლის, ანუ კონსორციუმის საშუალებებს, ანუ მის ძალებს აღემატება იმ გარემოების დაძლევა და ეს გარემოება შეიძლება იყოს გამოწვეული საქართველოს მთავრობის მიერ. ეს არის ხელშეკრულებაში გაწერილი, რასაც ფორსმაჟორული გარემოება ეწოდება“, – აღნიშნა ქვარცხავამ.

მისივე თქმით, ფორსმაჟორული გარემოების შესახებ მათ სახელმწიფოს 2019 წლის ბოლოს, შემოდგომაზე აცნობეს, რასაც შემდეგ კონტრაქტის მიხედვით, უნდა მოჰყოლოდა განხილვები, დისკუსიები, თუმცა, რაშიც ქვარცხავას თქმით, "მთავრობა არ შემოვიდა".

„მთავრობამ გააგრძელა ხელშეკრულების ვადა, რაც ჩვენ არ გვითხოვია. ჩვენ ვითხოვეთ კონკრეტულად იმ ზიანის მიმყენებელი ქმედებების აღმოფხვრა, რასაც ადგილი ჰქონდა მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა მან.