სოფიო კილაძე

"კარგი იქნება, FACEBOOK-ზე დეპუტატების შეურაცხყოფას თავს თუ დაანებებთ" - სოფო კილაძის რჩევა NGO-ს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უთხრა, რომ მას დესტრუქციული როლი დავალებული აქვს. თუმცა სოფიო კილაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ დაავალა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) წარმომადგენლებს, ანა აბაშიძესა და ანა არგანაშვილს "დესტრუქციული როლის" თამაში. 

დეპუტატის გაღიზიანება ბავშთა უფლებების კოდექსის წარდგენის დროს ანა აბაშიძის კრიტიკას მოჰყვა. მან კანონპროექტის ნაწილი დადებითად შეაფასა, ნაწილი კი გააკრიტიკა.

"ჩემამდე მოვიდა შესაბამისი ხმები, რომ თქვენ და ანა არგანაშვილს პირდაპირ გქონდათ დავალებული, რომ ბავშვის კოდექსთან დაკავშირებით დესტრუქციული როლი გეთამაშათ. გამოსულიყავით და მედია საშუალებებში გეყვირათ, რომ ქვეყანა იქცევა", - თქვა კილაძემ.

ანა აბაშიძემ მას სთხოვა, დაესახელებინა, ვისი დავალებით მოქმედებს, თუმცა დეპუტატმა ამაზე უპასუხა, რომ შეგნებულად იკავებს თავს. შემდეგ კი ურჩია, რომ ფეისბუქზე პარლამენტარების პიროვნული შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოს.

"რჩევის სახით მოგცემთ - კარგი იქნება, თუ პარლამენტარების პიროვნულ შეურაცხყოფებს ფეისბუქზე თავს დაანებებთ, თქვენ და ანა არგანაშვილი. მეტს არაფერს არ ვიტყვი, შემიძლია დავასრულო თქვენთან საუბარი", - თქვა კილაძემ.

ანა აბაშიძეს მისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მიეცა. მან თავისი აზრის დაფიქსირება სცადა, თუმცა მიკროფონი არ მისცეს. მას შემდეგ კი, როცა ფეხზე წამოდგა, სოფიო კილაძემ შეხვედრა დატოვა.

"არანაირი შეურაცხყოფა ქალბატონო სოფო, არც მაქვს სურვილი პირადად თქვენ მოგმართოთ. უბრალოდ, უნდა ითმინოთ ეს ყველაფერი, თქვენი როლი ესაა. თუ არ შეგიძლიათ, სხვაგან უნდა იყოთ უბრალოდ. მაქსიმალურად ვეცადე ვყოფილიყავი საქმეზე ორიენტირებული. ვისგან ვართ დავალებული? ეს არის ჭორიკნობის დონეზე საუბარი, რის გამოც ძალიან ვწუხვარ", - თქვა აბაშიძემ.

სოფიო კილაძემ კი უპასუხა: "თქვენ ხართ ანგაჟირებული ადამიანი, თქვენგან არაფერს არ მივიღებ და არც მოვისმენ". 

დეპუტატი არ პასუხობს ტაბულას კითხვას - მისი ინფორმაციით, ვინ დაავალა "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლებს "დესტრუქციული როლის თამაში".

"მაქსიმალურად შევიკავებ თავს. არ გინდათ რა ამ თემის აჟიტირება", - თქვა მან.

გარდა ამისა, ტაბულამ სოფიო კილაძეს ჰკითხა, შეიძლება თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად იყოს აღქმული მისი, როგორც დეპუტატის მხრიდან იმის მითითება, ფეისბუქზე რის დაწერისგან უნდა შეიკავოს თავი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. კილაძის თქმით, ის არ არის ვალდებული ითმინოს შეურაცხყოფა.

"მე ვთქვი, რომ შეურაცხყოფა არ შეიძლება. ეს ჩემი აზრია და მაქვს ამ აზრის გამოხატვის უფლება. მე არა ვარ ვალდებული ვითმინო შეურაცხყოფა. რატო უნდა ვითმინო შეურაცხყოფა, გინება, ლანძღვა და ცუდი სიტყვები? თქვენ მიპასუხეთ ახლა - ფიქრობთ, რომ ვიღაცამ უნდა მაგინოს და ამ გინებას თქვენ ეთანხმებით, როგორც ჟურნალისტი?", - თქვა მან და ტაბულას ჟურნალისტის ვინაობით დაინტერესდა.

რაც შეეხება ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტს, ის დღეს სიტყვიერად წარადგინეს, თუმცა თავად პროექტი მედიისთვის არ მიუწოდებიათ. სოფიო კილაძე განმარტავს, რომ ძირითადი აქცენტი პრევენციულ პროგრამებზე კეთდება.​

"ბავშვის უფლებათა კოდექსი უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის დაცულობას და თითოეული ბავშვისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მიმართულების, ყველა იმ პროგრამის და პროექტის განხორციელება ცხოვრებაში, რომელსაც ეს კოდექსი ითვალისწინებს. მთავარი ხაზი, მთავარი ღერძი ამ კოდექსის არის ის, რომ პრევენციულ პროგრამებზე კეთდება ძირითადი აქცენტი. ასევე, გათვალისწინებულია ბავშვის სოციალური დაცვის საკითხები, განათლების საკითხები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გაეზრდებათ უფლებამოსილებები. ბუნებრივია, შესაბამისი თანხების და ფინანსური რესურსების გადაცემით. ასევე, ჩვენ მატ დავეხმარებით ადამიანური რესურსებითაც", - თქვა კილაძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი ბავშვთა უფლებების საკითხებზე ტაბულასთან ამბობს, რომ ეს იქნება ჩარჩო კანონი, რომელიც ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს აერთიანებს და ამ უფლებების განხორციელების, დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმებს, ასევე ინსტიტუციურ გარანტიებს გვთავაზობს. ნანა ჩაფიძის თქმით, ეს საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით და ბავშვის უფლებების პრიორიტეტულ საკითხად გამოკვეთას.

"კანონპროექტი ორიენტირებულია არა დასჯაზე, არამედ ძალადობის პრევენციაზე. მოიცავს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის ყველა ფორმის პრევენციის მნიშვნელოვან მექანიზმებს. მათ შორის, ფიზიკური დასჯის პირდაპირ აკრძალვას, ასევე სასტიკი-არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პირდაპირ აკრძალვას. თუმცა ამ აკრძალვის მიზანი არ არის დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის დამკვიდრება, არამედ ოჯახის მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკა. სისტემამ უნდა დაინახოს უკეთ და ადრეულ ეტაპზევე, თუ რა პრობლემები არის ოჯახში და შეძლოს დროულად და ეფექტურად ჩაერიოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკვე არის ძალადობა, შესაბამისი სერვისები და მხარდაჭერა შესთავაზოს", - ამბობს ნანა ჩაფიძე.

მისივე განმარტებით, დაინერგება ისეთი ინსტიტუტის, რომელიც დაავალდებულებს პარლამენტს, მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ამა თუ იმ გადაწყვეტილების შემუშავების დროს წინასწარ განსაზღვროს რა გავლენას მოახდენს ის ბავშვებზე და მათ უფლებებზე.

"ეს საჭიროა იმისთვის, რომ თავიდანვე მაქსიმალურად მოხდეს ამა თუ იმ კანონის ბავშვებზე ნეგატიური გავლენის პრევენცია. იქნება ეს ჯანდაცვის სფერო, განათლების, მართლმსაჯულების, გარემოს დაცვის თუ რეგიონული განვითარების კონტექსტში", - აღნიშნავს ჩაფიძე.

კანონპროექტის ნაწილობრივ დადებითად აფასებს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძეც. მისი თქმით, მასში რამდენიმე ისეთი სამართლებრივი დებულებაა შეტანილი, რომლითაც დღეს ბავშვები ვერ სარგებლობენ და რომლებიც არსებითად აუმჯობესებს ბავშთა მდგომარეობას. ის რამდენიმე მაგალითსაც ასახელებს - უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაციები ყველა ბავშვისთვის, სასამართლოზე ხელმისაწვდომობა და პროფესიონალთა კვალიფიკაციის მოთხოვნის დაწესება.

"ასეთი სიახლეები არის უაღრესად მხარდამჭერი ბავშვთა უფლებებისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კოდექსის დანარჩენი 98% არის ისეთი ხარისხის ამ წუთას, რომ უნდა იქცეს კანონად. ჩვენი კრიტიკა მიემართებოდა იმას, რომ ძალიან დეკლარაციულია გარკვეული უმნიშვნელოვანესი დებულებები, რომლებიც ეხება ბავშთა სიღარიბეს, ოჯახების დახმარებას, ძალადობისგან დაცვის სისტემის გაუმჯობესებას, სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას, განათლების სისტემაში ბავშთა დაცულობას, ანტიდისკრიმინაციულ რეგულაციებს და ა.შ. ჩვენი პოზიციაა, რომ არ ვიჩქაროთ, გაგრძელდეს ეს პროცესი, იყვნენ ჩართულები სამოქალაქო საზოგადოება სრულად და გავაგრძელოთ მუშაობა", - ამბობს აბაშიძე.

მისი თქმით, სოფიო კილაძე თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოში პირადად დაესხა თავს და ორგანიზაციის რეპუტაცია ბუნდოვნად მოიხსენია. PHR-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ აკრიტიკებს და კვლავ გააკრიტიკებს დეპუტატს ყველაფერზე, რაზეც ჩათვლის, რომ სწორად არ მუშაობს.

ანა აბაშიძის თქმით, ორგანიზაცია მუშაობას გააგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი იყოს კარგი.

საქართველოს პარლამენტი კოდექსზე სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს, რომელიც ხვალიდან იწყება. სოფიო კილაძე ვარაუდობს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსს მაისამდე მიიღებენ.

კომენტარები