სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისათვის

ადვოკატთა ასოციაცია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით 2020 წლის 10 ივლისიდან იწყებს ახალ პრობონო პროექტს სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისათვის.

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არაერთი ადამიანი რთული ეკონომუკური პირობების წინაშე დააყენა. აღნიშნულმა განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია სოციალურად მოწყვლად გარკვეულ ჯგუფებზე. სხვა პრობლემებთან ერთად, რომელიც ამ ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს, არის ზემოაღნიშნულ პირთა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის პრობლემა.

იმ მიზნით, რომ ადვოკატთა კორპუსმა თავისი წვლილი შეიტანოს ისეთი ფუნდამენტური უფლების დაცვაში, როგორის არის - სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა, ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაცია განახორციელებს კიდევ ერთ პრობონო პროექტს, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, პრობონო სამართლებრივი დახმარება გაეწევათ სოციალურად მოწყვლად მარტოხელა მშობლებს. 

პრობონო პროექტი ამოქმედდება 2020 წლის 10 ივლისიდან და გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში - 2020 წლის 31 დეკემბრამდე.  

პროექტის მიზანი:

იმ მიზნით, რომ ადვოკატთა კორპუსმა თავისი წვლილი შეიტანოს ისეთი ფუნდამენტური უფლების დაცვაში, როგორის არის - სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა, ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით, პროექტის მიზანია, სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა პრობონო სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში შემავალ საქმეებზე (კონსულტაცია და წარმომადგენლობა, როგორც სასამართლოში, ასევე ყველა საჭირო ინსტანციაში). 

პროექტის ბენეფიციარები: 

პროექტის ბენეფიციარები არიან მარტოხელა მშობლები, რომლებიც ვერ მოხვდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუმცა სოციალური აგენტის მიერ იდენტიფიცირებულნი არიან სიღარიბის ზღვართან ახლოს მყოფ პირებად. 
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის და პრო ბონო იურიდიული დახმარებისთვის მომართვის წესის გასაცნობად იხილეთ - დებულება. 
 

პროექტის განხორციელებასა და სოციალურად მოწყვლადი მარტოხელა მშობლებისთვის პრობონო სამართლებრივი დახმარების გაწევაში ჩაერთვებიან ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს მიერ ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული ადვოკატები, რომელთა მონაცემებიც გამოქვეყნდება წინამდებარე ვებგვერდზე.

პროექტის განხორციელებაში მონაწილე ადვოკატები: 

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს და ადვოკატთა ასოციაციის მიერ ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული ადვოკატები შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) ადვოკატს აქვს მოქმედი სტატუსი და არის სამოქალაქო ან/და საერთო სპეციალიზაციის მქონე; 
ბ) ადვოკატს გააჩნია არანაკლებ 3 წლიანი პროფესიული პრაქტიკა; 
გ) არ არის სახდელდადებული ეთიკის კომისიის მიერ (არ ვრცელდება გაქარწყლებულ სახდელებზე).
დ) გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობით.
 

ადვოკატთა ასოციაცია და ევროპის საბჭო მადლიერებას გამოხატავენ იმ ადვოკატების მიმართ, რომლებიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საფუძველზე ჩაერთვებიან ახალი პრობონო პროექტის განხორციელებაში. 

ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ იურიდიული კონსულტაციის მისაღებად დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე: 599 19 33 44;