მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა დარღვევა და შეუსაბამობა ერთად - სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის შედეგები

5efb69cbd71bb
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.20 20:29
1639
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ერეკლე მექვაბიშვილმა პარლამენტს დღეს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში საუბარია სამსახურის მიერ ცალკეული უწყებების შემოწმების დროს გამოვლენილ საეჭვო გარემოებებზე, რომლებიც სამსახურის მიერ დარღვევად/ნაკლოვანებად არის შეფასებული. მათ შორისაა ისეთი დარღვევებიც, რომელთა შესახებაც სამსახურმა სამართალდამცავებსაც მიმართა.

შიდა კონტროლის მექანიზმებებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის ფინანსური აუდიტი

სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია საწყობებში 2018 წელს ხე-­ტყის მოძრაობის რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ. სათანადო კონტროლის მექანიზმები აქტივების დაცვასა და განკარგვასთან დაკავშირებით ორგანიზაციაში არ არის დანერგილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის ფინანსური აუდიტი

სსიპ − ქონების ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ხელშეკრულებების საფუძველზე მისაღები პირგასამტეხლო, დაახლოებით, 48.3 მლნ ლარსა და 49.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლის მიზნით შერჩეულ 10 კონტრაქტორთან დაკავშირებით, სააგენტომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები აღნიშნული კონტრაქტორებისგან თანხების მიღებისათვის გატარებული ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის ფინანსური აუდიტი

2018 წელს სსიპ − სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები 93.4 მლნ ლარს შეადგენს. შემოსავლების აღრიცხვასთან დაკავშირებულ კონტროლის მექანიზმები ხარვეზებით ხასიათდება. რიგ შემთხვევებში, შემოსავლების აღიარება არ ხდება შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აუდიტის შედეგად, ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში იდენტიფიცირებულია 2017 წლის 308 ათასი და 2018 წლის − 148.7 ათასი ლარის შემოსავლის ტრანზაქცია, რომლებიც ასახულია, შესაბამისად, 2018 და 2019 წლებში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2018 წლის ფინანსური აუდიტი

თავდაცვის სამინისტროში, ზოგიერთ შემთხვევაში 2018 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, შრომის ანაზღაურება გაიცემა მინდობილობების საფუძველზე; ასევე გამოვლინდა ვადაგასული მინდობილობების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების შემთხვევები.

შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შესაბამისობის აუდიტი

ცალკეულ შესყიდვებში პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა პრეტენდენტი გამარჯვებულად ცხადდებოდა დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე, ხოლო არასათანადოდ დაზუსტებული წინადადების შემთხვევაში, პრეტენდენტს შემსყიდველი არ აძლევდა დისკვალიფიკაციას. ასეთი შესყიდვების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 5.7 მლნ ლარი. ასევე, ელექტროსისტემის მიერ 2014-2015 წლებში „ჯვარი-ხორგისა“ და „ქსანი-სტეფანწმინდის“ გადამცემი ხაზების პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, გადამცემი ხაზების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2016 („ჯვარი-ხორგა“) და 2017 წლებში („ქსანი-სტეფანწმინდა“), თუმცა პროექტის განხორციელების დროს წარმოქმნილმა პრობლემებმა გამოიწვია გადამცემი ხაზების მშენებლობის შეფერხება. კონტრაქტორების მოცდენის გამო ელექტროსისტემამ გადაიხადა 10.2 მლნ ლარის ჯარიმა. აღნიშნული ჯარიმის გადახდა გამოიწვია ხელშეკრულებების გაფორმების დროს კომპანიის მიერ არსებული რისკების არასათანადო შეფასებამ.

შპს ,,ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-­სარეაბილიტაციო კლინიკის ცენტრის» საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

მონეტარული ზღვრის გაუთვალისწინებლად და ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, 17 მომწოდებლისგან შეძენილ იქნა 291 ათასი ლარის ღირებულების საქონელი/მომსახურება. შესყიდვის საგნის სპეციფიკაციის კონკრეტულ მოდელზე მორგებით შეიქმნა უკონკურენტო გარემო, რამაც განაპირობა ტენდერში მონაწილე ერთადერთი, სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების წარმომდგენი პირის გამარჯვება. აღნიშნულმა წარმოქმნა საჯარო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი

უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ფარგლებში, სატენდერო კომისიამ დაუსაბუთებელად არ გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაზუსტების მექანიზმი და დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე კომპანიას, რითაც დაკარგა შესაძლებლობა შესყიდვის ფარგლებში მიეღო 80 ათასი ლარის ეკონომია.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი

საბაგირო გზის მშენებლობისას კომპანიამ მიმწოდებლისაგან დროულად არ მოითხოვა აუთვისებელი საავანსო თანხის დაბრუნება. შესაბამისად, დაკარგა ანგარიშზე არსებულ თანხაზე საპროცენტო სარგებლის მიღების შესაძლებლობა, 727 ათას ლარზე მეტი ოდენობით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-­შენახვის შესაბამისობის აუდიტი

ალამბარი-­ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გადახდილია 1.9 მლნ ლარი. მოწვეული ექსპერტის დასკვნით დადგინდა შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა და დანაკლისი, ჯამში − 888 ათასი ლარის ოდენობით.

წალკის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

წალკის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული თანხების არასწორად ასახვისა და ზედმეტად ანაზღაურების თავიდან აცილებას. კერძოდ, მერიის მიერ ვერ მოხერხდა ხარვეზების გამოვლენა შესყიდვის შესაბამის ეტაპებზე, რის შედეგადაც 10 ხელშეკრულების შემთხვევაში, მიმწოდებლებს ზედმეტად აუნაზღაურდათ, ჯამში − 97.1 ათასი ლარი.

ასევე მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებზე რიგ შემთხვევებში სატენდერო მოთხოვნები განსაზღვრული იყო არაპროპორციულად, არ იყო განპირობებული აუცილებლობით და ხელს არ უწყობდა შესყიდვების კონკურენტულ გარემოში განხორციელებას. შედეგად, წალკის მუნიციპალიტეტმა დაკარგა, მინიმუმ, 197.7 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო-­სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დადებულია 3 ხელშეკრულება, ღირებულებით − 1.4 მლნ ლარი. მუნიციპალიტეტი მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, მხოლოდ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების საფუძველზე. აღნიშნული იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას. კერძოდ, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა ზედმეტად აანაზღაურა 232 ათას ლარზე მეტი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პროექტების შესყიდვისას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც მუნიციპალიტეტმა ვერ გამოავლინა. შედეგად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხარჯთაღრიცხვებში შევიდა არსებითი ცვლილებები, გაიზარდა მშენებლობის ღირებულება და მუნიციპალიტეტმა გასწია 340 ათასი ლარის ზედმეტი ხარჯი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

სატენდერო პროცესის არასწორად წარმართვის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების გამო, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვის მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული თავდაპირველი ტენდერი შეწყდა, ხოლო ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულება გაუფორმდა კომპანიას, რომელიც იმავე სამუშაოებს ასრულებდა 423 ათასი ლარით მეტად, ვიდრე შეწყვეტილ ტენდერში დაბალი ფასის წარმომდგენი კომპანია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოფელ დამია-­გეორარხში, მდინარე დებედაზე, ნაპირსამაგრი ობიექტის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 423 ათასი ლარი დაიხარჯა არაეკონომიურად.

დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმებული 18 ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტის მერიამ არ დაიცვა კანონმდებლობის მოთხოვნები და 305 ათასი ლარი აანაზღაურა ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად წარმოდგენისა და დაანგარიშების გარეშე, რაც ქმნის საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.

ხონის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

მუნიციპალიტეტმა 2017 წელს ტენდერი გამოაცხადა ქ. ხონში გზების მოასფალტების სამუშაოებზე. სატენდერო კომისიამ არასწორად განახორციელა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. საბოლოოდ, გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 193 ათასი ლარით აღემატებოდა არასწორად დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის შემოთავაზებულ ფასს.

ასევე, ხონის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია და უხარისხოდ არის შესრულებული 6 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული 520 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები ხარვეზების გამოსასწორებლად.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 20172018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

10 ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში დაუსაბუთებელი, არაპროპორციული მოთხოვნების დადგენის გამო, დაზუსტების გარეშე დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც მერიამ დაკარგა 119 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. ასევე, 2017-2018 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 23 ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილი 5.2 მლნ ლარის ღირებულების ობიექტები დაზიანებულია და აღენიშნება ხარვეზები. კერძოდ, მოწყობილი გზის საფარი დაბზარულია, შეინიშნება გრძივი და განივი ბზარები, ზედაპირი უსწორმასწორო და ტალღოვანია, გზა გარკვეულ მონაკვეთებზე დამტვრეულია და სხვა.

მესტიის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის დადებული 10 ხელშეკრულებისათვის, საერთო ღირებულება 1.7 მლნ ლარი, მიმწოდებელი კომპანიების მიერ გეგმა-­გრაფიკი დარღვეულია ყველა შემთხვევაში, თუმცა მუნიციპალიტეტს არ გამოუყენებია საჯარიმო სანქციები, რაც 360 ათას ლარზე მეტია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა ბეტონის საფარიანი გზების მოწყობაზე ტენდერის საშუალებით გააფორმა 37 ხელშეკრულება და დახარჯა 14.1 მლნ ლარი. ობიექტების დათვალიერებით გამოვლინდა სხვადასხვა ხარისხობრივი ხარვეზი 12 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისათვის, რომელთა საერთო ღირებულება 6.2 მლნ ლარია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

მუნიციპალიტეტის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელდა კულტურის სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოები, ღირებულებით 1 მლნ ლარი. ხელშეკრულებების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე, მათი სახეობების მიხედვით, ვრცელდება გარანტია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ დაზიანებულია როგორც შენობის გარე ფასადი, ისე შიდა კედლები, ხოლო გათბობა-­კონდიცირების სისტემა, რომლის შეძენა-­მონტაჟისთვის გადახდილია 191 ათასი ლარი, 2016 წლიდან (დამონტაჟების პერიოდი) არ ფუნქციონირებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

ასპინძის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში შესრულებული პროექტების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 7 ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილი 2.8 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულებულია უხარისხოდ და აღინიშნება სხვადასხვა დაზიანება.

აქტივების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები:

ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის 2014-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის პერიოდში რაგბის კავშირის მიერ 23,591 კვ.მ 4 მიწის ნაკვეთის რეალიზაცია განხორციელებულია არაკონკურენტულ გარემოში, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის, შეფასებისა და შესაბამისად საბაზრო ღირებულების დადგენის გარეშე. აღნიშნულმა განაპირობა მოცემულ უძრავ ქონებაზე არასაბაზრო გარიგების ფასის ჩამოყალიბება, რის შედეგად დაიკარგა დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო -ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

14-მა საწარმომ ფინანსური შედეგი დაასრულა 5.8 მლნ ლარის ზარალით, ხოლო 7 საწარმო არ ფუნქციონირებს და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების ძირითად ნაწილზე მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობაში მყოფი, ჯამში − 10 საწარმოს ფინანსური შედეგების გაუარესების თავიდან აცილების და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ გატარდა კონკრეტული ღონისძიებები. შედეგად, დადგა გადახდისუუნარობის და გაკოტრების, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის 4.4 მლნ ლარის შესაძლო ზიანის წარმოშობის წინაპირობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი

სამინისტროსა და მერიაში არ არის უზრუნველყოფილი ქონების ზუსტი საწყისი საპრივატიზებო ღირებულების განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. გარდა ამისა, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, საბაზრო ფასთან მიმართებით, ჯამში, სავარაუდოდ, 5.6 მლნ ლარით ნაკლები თანხით განხორციელდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული ქონების მოიჯარეებისათვის დადგენილი ფასები არაგონივრულად დაბალია. კერძოდ, 1 კვ.მ-ის წლიური ფასი მერყეობს 30 თეთრიდან 25 ლარამდე (უმეტესობა 16 ლარი). ჩატარებული აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ საბაზრო ფასები მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ ფასებს.

შპს „ავტოტრანსსერვისის“ ფულადი სახსრების მიღება-­ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების შესაბამისობის აუდიტი

კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ ბიზნესგადაწყვეტილებების (გეგმების) შეუსრულებლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს (დამფუძნებლის) მხრიდან სათანადო კონტროლის მექანიზმების არარსებობის შედეგად, აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა 78.6 ათასი ლარის ღირებულების მოძრავი ქონების არადანიშნულებით გამოყენებისა და ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების (71 ათასი ლარი) არამიზნობრივი ათვისების ფაქტები.

საბიუჯეტო რესურსის მართვასთან დაკავშირებული სხვა ნაკლოვანებები:

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შესაბამისობის აუდიტი

კომპანია ანაზღაურებს თანამშრომელთა მივლინების ადგილზე ტრანსპორტის დაქირავების და როუმინგის ხარჯებს. 2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 227 ათას ლარს. მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 157 ათასი ლარი. ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში რეაბილიტაციის მმართველის როუმინგულ მომსახურებაში, ხუთ დღეში გადახდილი 29.3 ათასი ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალ, არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს. ასევე, 2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რისთვისაც აუდიტის პერიოდში დაჯარიმებულია 25-ჯერ, ჯამში − 69.4 ათასი ლარით, საიდანაც 40.1 ათასი ლარი განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმაა.

შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი

ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ექსპლოატაციაში შესვლა დაყოვნდა კომპანიის მიზეზით, რის გამოც კონტრაქტორს აუნაზღაურდა დაუსრულებელი ობიექტის მოვლა-­შენახვისათვის 210 ათასი აშშ დოლარი. ამასთანავე, ქუთაისის, ანაკლიისა და ფოთის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, 2018 წელს კომპანიამ გადაიხადა კონტრაქტორის მიერ კერძო პირებისათვის მიყენებული ზიანის თანხა − 295 ათასი ლარის ოდენობით, რაც ხელშეკრულების თანახმად, უნდა ანაზღაურებულიყო არა კომპანიის, არამედ კონტრაქტორის მიერ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-­შენახვის შესაბამისობის აუდიტი

დეპარტამენტის მიერ დაქირავებული ტრანსპორტით გაწეულ მომსახურებაზე გამოყენებული ტექნიკის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებაში მითითებული ტრანსპორტით, დეპარტამენტისთვის მომსახურება არ განუხორციელებია, რაც წარმოშობს მიღება-­ჩაბარების აქტებში ასახული მომსახურების შეუსრულებლობის და ბიუჯეტიდან გადახდილი 378 ათასი ლარის არამიზნობრივად ხარჯვის რისკს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

2017-2018 წლების ბოლოს მერიას აუთვისებელი დარჩა მნიშვნელოვანი მოცულობის თანხები, რაც მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე. კერძოდ 2017 წლის ბოლოს ნაშთის სახით ირიცხება − 2.9 მლნ ლარი, 2018 წლის ბოლოს კი − 8.2 მლნ ლარი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებისა და გადასახდელების სათანადოდ დაგეგმვა. შედეგად, მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო რესურსი. კერძოდ, 2017 წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტის ნაშთმა შეადგინა 4 მლნ ლარი. 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა დაგეგმა აღნიშნული თანხის გამოყენება, თუმცა ორივე წელს ნაშთის მოცულობა გაიზარდა და 2019 წლის დასაწყისში 5.5 მლნ ლარი შეადგინა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი

2018 წელს მუნიციპალიტეტმა მის მიერ დაფუძნებული 12 ა(ა)იპ­­­-ის დაფინანსებაში დახარჯა 7.8 მლნ ლარი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ­­­-ებში მოსამსახურეთა ფუნქცია-­­­მოვალეობები ზოგიერთ შემთხვევაში დუბლირებულია, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ­­­-ებში ზოგიერთი შტატის არსებობა.