მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1500 ლარამდე ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი საჯარო სექტორს არ ეხება

5eaaf59fb1a64
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.20 20:00
18547
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი მაისიდან 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასზე კი, პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. ეს კერძო სექტორში არსებული დამსაქმებლებისთვის ყოველთვიურ ხელფასზე მაქსიმუმ 150 ლარის გამოთავისუფლებას ნიშნავს, თუმცა, ეს შეღავათი საჯარო სექტორზე არ ვრცელდება. 

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საჯარო სექტორი, ვინც ვერ ისარგებლებს შეღავათით მოიცავს:

  • ყველა სამინისტროს;
  • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - სსიპ-ებს (მათ შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და არაკომერციულ (არამომგებიან) იურიდიულ პირებს - ა(ა)იპ; მუნიციპალურ სამსახურებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს და ა(ა)იპებს (მათ შორის საბავშვო ბაღები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და სხვა); 
  • სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ სამსახურებს;
  • სახელმწიფო საწარმოებს, რაც მოიცავს - სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების წილი შეადგენს 50%-ზე მეტს. ასევე, ამ საწარმოების შვილობილ საწარმოებს, თუ მათი წილი შეადგენს 50%-ზე მეტს;
  • ეროვნულ ბანკს;
  • ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს.

კერძო კომპანიებს თუ წარსულში ხელზე 600 ლარის ხელფასის გასაცემად, თანამშრომლისთვის 750 ლარის გადარიცხვა უწევდათ, ამჟამად 0 ლარის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან და იგივე 600 ლარის ხელფასის გასაცემად მხოლოდ 600 ლარი დასჭირდებათ. 1500 ლარამდე მოცულობის ხელფასებში კი პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადიგან გათავისუფლდება. მიღებული 150-ლარიანი ეკონომიით დამსაქმებლები დასაქმებულთა ხელფასზე მიმართავენ თუ არა, ეს თავად დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკების საგანია.