Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე "ფაშიზმის თანამონაწილედ" მიიჩნევს არასამთავრობოთა ზოგიერთ წარმომადგენელს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ეხმაურება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელსაც „ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის“ განცხადებას უწოდებს და ამბობს, რომ ვინც ხელს აფარებს ამ ფაშიზმს, თავად არის ფაშიზმის თანამონაწილე. მისი სიტყვებით, „სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან“.

ირაკლი კობახიძის წყრომის მიზეზი ნიკა გვარამიას ფეისბუკის პოსტი გახდა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა: „ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს ან აფინანსებს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ, დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან. ეს ადამიანები სათანადოდ უნდა დაისაჯონ“.

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ისტერიული განცხადება უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და მისი პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას „ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით“, თუმცა ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ ყოფილა.

„მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად, უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. ადამიანები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური კუთვნილების გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზებული პერსონის გამო ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია.

ჩვენ შეიძლება ნიკა გვარამიას განცხადებები არ მოგვწონდეს, მაგრამ მას კანონით არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და გარკვეული განცხადებების გაკეთება. ეს განცხადებები შეიძლება არ იყოს ვინმესთვის მოსაწონი, მაგრამ მას აქვს გამოხატვის თავისუფლება...
მიხეილ ბენიძე

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან. ქართული ფაშიზმი ჩვენ 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს და პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ საქართველოში ის ვეღარ გაიდგამს ფესვებს. 28 ოქტომბერს, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ალბათ არც უნდა ავყვეთ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარ განცხადებებს“, - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე. მისი თქმით, ამგვარი თავდასხმების მიზეზი არის ის, რომ ხელი შეუშალონ არასამთავრობო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიას: „მათ სურთ, რომ გვამყოფონ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში. და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ განვახორციელოთ სრულფასოვანი წინასაარჩევნო მონიტორინგი, გადავიდეთ მათი განცხადებების პასუხებზე. ეს არის მათი ამგვარი განცხადებების მიზანი. ეს პიროვნული შეტევები არის აბსოლუტურად მიუღებელი და არ ვაპირებთ, რომ მას ავყვეთ. პირველ რიგში, მგონია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი საქმე და უფრო მეტი საზრუნავი იმ პერიოდში, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, გუშინაც ვნახეთ მსგავსი ფაქტი, ძალიან ბევრი პრობლემაა და დღეს, მათი ტაქტიკაა, რომ ამ პრობლემებზე ლაპარაკის ნაცვლად, ბურთი თუ ლოდი გადმოაგდონ სხვის ბოსტანში და ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, რომ თითქოს დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდ პრობლემას არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ“.

მიხეილ ბენიძე
მიხეილ ბენიძე

მიხეილ ბენიძის განცხადებით, წლევანდელ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის ფაქტები: „გასული ორი არჩევნების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ასეთი ორგანიზებული შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ნამდვილად არ იგრძნობოდა. წელს, ჩვენ უპრეცედენტოდ კოორდინირებულ შეტევას ვხედავთ, რაც კიდევ უფრო გასაკვირია, რადგან ამ არჩევნებზე ხელისუფლებას ოფიციალური კანდიდატი არ ჰყავს. ამიტომ ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რას უკავშირდება მათი მხრიდან ასეთი შემოტევა. ჩვენ შეიძლება ნიკა გვარამიას განცხადებები არ მოგვწონდეს, მაგრამ მას კანონით არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და გარკვეული განცხადებების გაკეთება. ეს განცხადებები შეიძლება არ იყოს ვინმესთვის მოსაწონი, მაგრამ მას აქვს გამოხატვის თავისუფლება. პრობლემა იქნებოდა, რომ მას ეთქვა და განეცხადებინა, რომ მაგალითად, ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ეთერს არ დაუთმობს სალომე ზურაბიშვილს ან რომელიმე სხვა კანდიდატს. გვარამია საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს რამდენი მოქალაქეც გააკეთებს განცხადებას და თუნდაც ეს იყოს არაეთიკური განცხადება, ყველა განცხადებაზე სათითაოდ, ცხადია, რეაგირებას ვერ მოვახდენთ“, - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG