Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): “ნარკობარიგების” ტაში-ტუში შეიძლება გართობად მოეჩვენოთ, იმხელა საპროტესტო ტალღას მიიღებენ…...

მამა გიორგი (რაზმაძე): “ნარკობარიგების” ტაში-ტუში შეიძლება გართობად მოეჩვენოთ, იმხელა საპროტესტო ტალღას მიიღებენ… ვფიქრობ, შორს არ არის დრო, როცა ძალაუფლება შეიძლება თავზე დაემხოთ…

5784

8 ივლისს, 19 საათზე, პარლამენტის შენობასთან გამართულმა ორმა აქციამ, რომლებსაც, ბუნებრივია, ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ სამარცხვინო პროცესებს საბოლოოდ აჰხადა ფარდა. ერთ მხარეს იდგნენ მამათმავლობის მოწინააღმდეგე, გარყვნილებისა და უზნეობის გასაპროტესტებლად მისული სასულიერო პირები მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს _ “ოკუპაციის” წინააღმდეგ მებრძოლი აგრესიული ევროლიბერასტები, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე 9 აპრილის მემორიალთან ლგბტ დროშას აფრიალებდნენ… 

აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებამდე აგრესიულ ევროლიბერასტებს თავიანთი ლიდერები სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ამავე ლიდერებმა სალანძღავი სიტყვებით პირი აიმყრალეს და გეიპროპაგანდის მოწინააღმდეგე მშვიდობიან მომიტინგეებს პროვოკაციები მოუწყვეს…

რა მიზანს ემსახურებოდა 8 ივლისს “ნაცმოძრაობისა” და მისი მხარდამჭერების ორგანიზებით ჩატარებული პროვოკაციული შეკრება პუშკინის სკვერში და შემდეგ უკვე გადანაცვლება პარლამენტის შენობასთან, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები, სასულიერო პირებთან ერთად, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო დემონსტრაციას ატარებდნენ?

“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე ორი აქცია ვიხილეთ: ერთ მხარეს იდგა სამღვდელოება და საზოგადოება, რომელიც ლგბტ პროპაგანდას აპროტესტებდა, მეორე მხარეს _ “ნაცმოძრაობასთან” ერთად მთელი ე.წ. ლიბერალური ისტებლიშმენტი… როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს, რა იხილა რეალურად ჩვენმა საზოგადოებამ?

_ საზოგადოებამ იხილა პროცესების სრული ლუსტრაცია, ანუ ის, რაც, ეს დღეებია, გვესმის: რომ თურმე ლიბერალებს ოკუპაცია აწუხებთ და საქართველოს ბედზე არიან გულდათუთქულები; თურმე ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ და მხოლოდ პატრიოტიზმი ამოძრავებთ; გამოჩნდა, რომ ეს არის სრული ფარსი, რაც ისედაც ვიცოდით; გამოჩნდა, რომ სინამდვილეში მათი ეს “პატრიოტული” აზვირთება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს _ შეენიღბათ თავიანთი ნამდვილი სახე და ამჯერად საზოგადოებას ეროვნული სულისკვეთების ადამიანებად მოჩვენებოდნენ. რისთვის სჭირდებათ ეს? წლების მანძილზე ჩვენ ვხედავდით არაერთ მცდელობას, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული ძალები ხალხს მისაღები ფორმით მოვლინებოდა; ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ საქართველოს არავინ არაფერს აძალებს, არავინ არაფერს გვახვევს თავს და ა.შ. მიუხედავად ამისა, საქართველომ არ მიიღო არც ერთი ფორმით, არც ერთი მზაკვრული სახით შემოთავაზებული მამათმავლობა, ეკლესიის გინება, პატრიარქის შეურაცხყოფა, ქრისტიანობის ქილიკი, ლანძღვა და დისკრედიტაცია, რაც მათთვის ნაცარში კოვზის ჩავარდნის ტოლფასია. ახლა კი ცდილობენ, ოკუპაციის თემას ამოეფარონ და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაგრამ ესეც არ გამოსდით. არ გამოსდით იმიტომ, რომ, როგორც ცეცხლი თივაში, ლიბერალური შხამით მოწამლული ბინძური გონება ვერანაირ ნიღაბში ვერ დაიმალება. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოკუპაცია კი არ აწუხებთ, ტერიტორიული მთლიანობისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იბრძვიან იმისთვის, რომ მათთვის მისაღები და სასურველი დღის წესრიგი შექმნან. ამაზე არიან ანთებულები და ამისთვის ძვრებიან ტყავიდან, თორემ ოკუპაცია სააკაშვილის პერიოდში დაიწყო და ჩვენ გვახსოვს 2008 წელს უკან მოუხედავად გაქცეული ხელისუფლება, მაგრამ მაშინ ამ ე.წ. ანტიოკუპანტ “ევროპატრიოტებს” ხმა არ ამოუღიათ.

ახლა მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც ცოტანი არიან, მაგრამ მაინც, ვინც პატრიოტების ტყავში გახვეულ ლიბერალებს მხარში უდგანან და ბრმა იარაღად არიან გამოყენებულნი: ვთქვათ, მჯერა თქვენი გულწრფელობის; ვთქვათ, მართლა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ხართ და საქართველოს დაქუცმაცებაზე გტკივათ გული, ეროვნულად მოაზროვნე ქართველები ხომ ხართ?! მართლმადიდებელი ქრისტიანები ხომ ხართ? ეკლესიას, პატრიარქს პატივს ხომ სცემთ? ტრადიციული ქართული კულტურა, მენტალობა, ღირებულებები ხომ მთავარია თქვენთვის? მამათმავლებისა და მამათმავლობის პროპაგანდისტების გვერდით დგომა არ გეთაკილებათ?! ვინც 24 საათი სამღვდელოებას ლანძღავს, მაგალითად, ხოშტარია, ბოკერია, უგულავა, ლგბტ პირების უფლებების დამცველი “ლიბერალები”… ამ ხალხის გვერდით დგომა არ გესირცხვილებათ?! რომ არ გესირცხვილებათ და გეთაკილებათ, რომ არ გეუხერხულებათ და ამაყად დგახართ მათ გვერდით (თუ ისინი დგანან თქვენთან, მნიშვნელობა არ აქვს), ამიტომ ხართ საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებლები, ამიტომ ხართ მათნაირი მარგინალები და, როგორ ტყავშიც უნდა გაგახვიონ, როგორი ლოზუნგებითაც უნდა გაგაერთიანონ, ყოველთვის მიუღებლებად დარჩებით; ყოველთვის უმცირესობაში იქნებით და არასდროს თქვენს მოწოდებებს, თქვენს ლოზუნგებს არავინ გაიზიარებს, იმიტომ, რომ სიყალბის განსახიერება ხართ! ფეხებზე გკიდიათ საქართველოც და ქართველი ხალხიც, სინამდვილეში გულში გეცინებათ იმ ყველაფერზე, რასაც აქციებზე მაღალი ტრიბუნიდან ლაპარაკობთ…

_ “თბილისი პრაიდის” მიერ წინა კვირას დაანონსებულ და ვერშემდგარ “მარშზე” ვისაუბროთ. 7 ივლისს მათ გაავრცელეს განცხადება, რომ მეორე დღეს მსვლელობის ჩატარებას აპირებდნენ, მაგრამ 8-ში დილით უკვე “გადაიფიქრეს”, მოგვიანებით კი გეგმა ისევ შეცვალეს და იმ მომენტში, როცა ანტილგბტ მოძრაობა რუსთაველზე იყო გადასული, შსს-თან რაღაც მსვლელობა მოაწყვეს. მართალია, ეს “მსვლელობა” სულ რამდენიმე ნაბიჯისგან შედგებოდა, მაგრამ მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრაიდი შედგა. რას ეტყვით ამ ადამიანებს?

_ ბოდიში, მაგრამ პრაიდი ვიცი ლომების. ქათმების პრაიდი ცოტა სასაცილოა! რაც შეეხება იმას, რომ თურმე მათი ეს რაღაც ამორალური “ღონისძიება” შედგა, მათ შეუძლიათ ასე დაიმშვიდონ თავი, მაგრამ, რაც შედგა და შედგება მომავალში, კარგად იციან… ლგბტ პრაიდი შემდგარად მაშინ ჩაითვლება, როცა მამათმავლობის პროპაგანდისტებს კუკუ-დამალობანას თამაში არ მოუწევთ და ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში მოაწყობენ გარყვნილების ზეიმს, მაგრამ მეც ვიცი, თქვენც და მათაც, რომ საქართველოში ეს არ მოხდება. სხვათა შორის, ამ დღეებში ძალიან აქტიურობდა ზოგიერთი უცხოელი დიპლომატი საქართველოში და განსაკუთრებით ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად მივმართო ქალბატონ ელისაბედ რუდს: არავის უნდა თქვენი ლანძღვა, თქვენი კრიტიკა და ცუდად მოხსენიება, მაგრამ იქნებ კეთილი ინებოთ და თავი დაგვანებოთ! საერთოდ, მე მრჩება შთაბეჭდილება, ამ პროცესებით, 19 ივნისს დაწყებულ პროვოკაციებს ვგულისხმობ, ხელისუფლება და “ნაცმოძრაობა” მიზანმიმართულად ცდილობენ რიგი საკითხების გადაფარვას; ვგულისხმობ ისეთ თემებს, რომლებიც, გრძნობდნენ, რომ, ადრე თუ გვიან, აუფეთქდებოდათ… დღეს ბევრი საკითხია, რომელთა მოგვარების ძალა და უნარი ხელისუფლებას არ შესწევს ან, უბრალოდ, ნება არ აქვს, ამიტომ მათი გადაფარვა ხდება.

_ მაგალითად?

_ მაგალითად, დავითგარეჯის თემა. თვე-ნახევრის წინათ ამ საკითხმა სრულიად საქართველო ფეხზე დააყენა. დღეს ვინმეს ახსოვს? თითქოს რაღაც კომისია შეიქმნა და მოლაპარაკებები მიდიოდა, რა ბედი ეწია, რა ეტაპზეა, კითხულობს ვინმე?! აი, ასეთი უამრავი საკითხია, რომლებიც, ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, რუსი დეპუტატის ვიზიტი, მაგრამ ფაქტია, ნაც-ქოცები ახერხებენ ყველაფრის გადაფარვას.

დავუბრუნდეთ ისევ აქციას. ვინ იდგა მეორე მხარეს: საკუთარი თვალით ვნახე და ვესაუბრე რამდენიმე ახალგაზრდას, ნარკოტიკებით გაბრუებულ ბავშვებს, რომლებიც ჩხოროწყუდან ჩამოიყვანეს. აზრზე არ არიან, რისთვის დგანან, რას აპროტესტებენ და რა უნდათ… ჯერ ერთი, რომელ ანტისაოკუპაციო მოძრაობაზეა საუბარი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა მე ვიცი ფრონტის ხაზზე. მეორეც, თუ ანტისაოკუპაციო მოძრაობაა, იქვე უდგათ დავით ბაქრაძე, რომელმაც 2008 წელს მოსახლეობას მიმართა: ჩანგლებითა და ფიწლებით დაიცავით თავიო, იმასთან არ აქვთ პრეტენზია?! ანტისაოკუპაციო მოძრაობა კი არა, ეს არის თავიდან ბოლომდე ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობა, რომელშიც ზოგი შეიძლება ბრმადაა ჩათრეული, მაგრამ უმრავლესობა შეგნებულად მონაწილეობს. ეს არის საქართველოს მომავლის განადგურებისა და სამუდამოდ დასამარებისკენ მიმართული მოძრაობა, რომელიც, რაც შეიძლება, მალე უნდა დასრულდეს…

_ ვინ უნდა დაასრულოს?

_ ქართველი საზოგადოება, უკვე სამ კვირაზე მეტია, ითმენს გულისამრევ სანახაობას რუსთაველზე და, რადგან ჩუმადაა მოსახლეობა, ვიღაცას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა. ყველაფერს აქვს საზღვარი. არ შეიძლება, მოთმინება გაგრძელდეს უსასრულოდ, იმიტომ, რომ ყოველი მოთმინებისა და დუმილის უკან შეიძლება იდგეს დიდი უკმაყოფილება, დიდი მუხტი პროტესტისა, რომელიც მერე ერთბაშად ამოხეთქავს…

_ 8 ივლისის აქციაზე თქვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება იყო. გაქვთ იმედი, რომ ხელისუფლება ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს?

_ ხელისუფლება აქამდე მხოლოდ ერთ მუჭა “ლიბერალებს” უწევდა ანგარიშს, იმიტომ, რომ მათ უკან სერიოზული ძალები დგანან, თუმცა ვფიქრობ, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში და, ხალხს თუ არ მოუსმენენ, ამის გამოცდა მოუწევს; “ბასიანისა” და მათი მხარდამჭერი “ნარკობარიგების” ტაში-ტუში შეიძლება გართობად მოეჩვენოთ, იმხელა საპროტესტო ტალღას მიიღებენ… აი, ეს თუ არ უნდათ, ჭკუას უნდა მოუხმონ და დაფიქრდნენ, ვის მოუსმინონ, თორემ ძალიან მეეჭვება, ამ კრიზისს თავი დააღწიონ. ახლა მოსწონთ თუ არა ამ ვითარებაში ყოფნა და უნდათ თუ არა აღიარება, ეს კრიზისია, ამიტომ, ვფიქრობ, შორს არ არის დრო, როცა ძალაუფლება შეიძლება თავზე დაემხოთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here