მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ დახარჯეს შიდა ტურისტებმა საქართველოში და რაზე? - საქსტატის ანგარიში

5f5f29842171c
BM.GE
14.09.20 12:34
1688
1.8 მლნ ვიზიტორის მიერ განხორციელებული 2 მლნ ვიზიტი - ასეთია ადგილობრივი ტურიზმის შესახებ 2020 წლის მეორე კვარტალის მონაცემები, რომელიც საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიური კრიზისი ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიასაც შეეხო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ 39.2%-ით ნაკლები ვიზიტი განხორციელდა. რაც შეეხება თავად ვიზიტორებს, მათი რაოდენობა 37.2%-ით არის შემცირებული.

საქსტატის ანგარიშში ვიზიტორების მიერ მოგზაურობისას გაწეულ ხარჯებზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივმა ტურისტებმა ჯამურად 268 მლნ ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 23.2%-ით გაიზარდა და 132 ლარი შეადგინა.

ადგილობრივი ვიზიტორების მიერ 2020 წლის მეორე კვარტალში გაწეული ხარჯები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა:

• საყიდლები - 91.6 მლნ ლარი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 24.8%;
• საკვები და სასმელი - 76 მლნ ლარი, ზრდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან 10.1%;
• ტრანსპორტი - 52.9 მლნ ლარი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 26.8%;
• განთავსება - 6 მლნ ლარი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 8.5%;
• გართობა - 0.4 მლნ ლარი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 89.8%;

სხვა ხარჯებმა ჯამურად 40,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მეორე კვარტალის მონაცემთან შედარებით 51.3%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯების ძირითადი ნაწილი საყიდლებზე (34.2%), საკვებსა (28.4%) და ტრანსპორტზე (19.8%) მოდიოდა. დანარჩენ კატეგორიებზე გაწეულმა ხარჯმა ჯამურად 17.6% შეადგინა.

რაც შეეხება 2020 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, იანვარ-ივნისში ადგილობრივი ვიზიტორების მიერ გაწეულის ხარჯების მოცულობა 10.2%-ით შემცირდა და 649 მლნ ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე 24 მარტიდან 8 ივნისამდე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო, რამაც ადგილობრივი ტურიზმის შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობა.