Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის პიკეტირების აქცია 29 ნოემბერს განახლდება


საქართველოს პარლამენტის პიკეტირების აქცია 29 ნოემბერს, დილის 10 საათიდან განახლდება.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები. ისინი მიმართავენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს:

„ბატონო ბიძინა, გწერთ "ბელადის მიერ მართული ახალგაზრდები", დიახ, ჩვენ ვერც დაჭერის შიშით შეგვაჩერებთ, ვერც ნიკა ლალიაშვილთან მონოლოგის დროს თითის ქნევით, ვერც თქვენი ტრიუკებითა და ვერც დასახიჩრების შიშით.

ჩვენთვის თქვენ ერთადერთი მიზეზით ხართ საშიში - ქვეყანას აზიანებთ და ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, ეს ქნათ.

საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ჩვენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ კი არ წავალთ - აქ დავრჩებით, ვიქნებით ევროპის ნაწილი, განვვითარდებით პროდასავლური კურსით. უფრო მეტიც, ის ადამიანებიც დაგვიბრუნდებიან, რომლებმაც ქვეყანა წლებია დატოვეს - სხვა ქვეყანაში თავის რჩენის იმედად.

თქვენ ჩვენთვის დასრულებული ხართ, ამიტომ, კიდევ ამოიშენეთ რკინის კედლები და გამოიყენეთ ქართული პოლიცია პირად დაცვად. ჩვენთვის ეს სულერთია.

ხვალ, ჩვენ ისევ მოვალთ და ისევ არ მოგცემთ თქვენ მშვიდად ძილის და თქვენს პარლამენტარებს თავიანთ სკამებზე უსაქმურად მოკალათების საშუალებას“.

28 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების პიკეტირების აქცია დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ჯებირებზე დატოვეს სტიკერები, წარწერებით: "ქვეყნის სამსახურში", „დალუქულია,“ გაუშვეს ქაღალდის თვითმფრინავები, წარწერებით „მონა“ და „სირცხვილია“ და გამოფინეს ამერიკული დოლარის იმიტირებული კუპიურები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი რკინის კედლებით დილიდან გადაკეტა მას შემდეგ, რაც წინა ღამით ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

XS
SM
MD
LG