მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის პრეზიდენტი: მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ საქართველოს განვითარების 5-წლიან სტრატეგიაზე

601d9f48ad539
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვლი
06.02.21 00:30
908
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქვეყნის განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი საქართველოს მთავრობასთან ერთად ქვეყნის განვითარების 5-წლიან სტრატეგიაზე იმუშავებენ.

EBRD-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველო ქვეყანაში ჩატარებული რეფორმების წყალობით საერთაშორისო დონორების მხრიდან მაღალ ნდობას იმსახურებს. ამასთან, ოდილ რენო-ბასო აღნიშნავს, რომ თუკი 2020 წელს მათი მთავარი საზრუნავი კლიენტებისთვის გადაუდებელი დაფინანსების მიწოდება იყო, მომავალში ისინი მეტ აქცენტს გააკეთებენ ინკლუზიურობის საკითხზე, რათა სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებიდან სარგებელი მოსახლეობის ფართო სპექტრზე გადანაწილდეს.

“საქართველო რეგიონში ძალიან კარგი ეკონომიკური მოთამაშეა და ის ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ნდობით სარგებლობს. საქართველოს მხარდაჭერის სურვილს ყველა გამოთქვამს, რადგან საქართველო ყოველთვის მიდიოდა წინ რეფორმების გზით. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. პანდემიის კვალდაკვალ აქცენტი ეკონომიკის გამწვანებაზე, ევროკავშირთან მის მეტად დაახლოებაზე გაკეთდება. ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება ტურიზმის სექტორის აღდგენა. ჩვენი მხრიდან - მთავრობასთან და ყველა სხვა ჩართულ მხარესთან 5-წლიან სტრატეგიაზე ვიმუშავებთ, რომ განვსაზღვროთ რა უნდა იყოს ძირითადი პრიორიტეტები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რათა საქართველოს განვითარების გზაზე ადეკვატურად დავუჭიროთ მხარი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის ცნება - გენდერული თუ გეოგრაფიული თვალსაზრისით, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს და ამან არ შეაფერხოს საქართველოს განვითარება.

გვინდა, დავინახოთ, რომ ყველა ის პროექტი რომელიც დავაფინანსეთ, საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე დადებით გავლენას ახდენს. საქართველოში ასეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროექტების იდენტიფიცირებას და მათ დაფინანსებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამ ვიზიტის დროსაც განვიხილეთ, რა შეიძლება იყოს პრიორიტეტი და რა ტიპის პროექტების მხარდაჭერაში შეიძლება ჩავერთოთ - და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელსაც ჩვენი აქტივობაც და ამ აქტივობის შედეგებიც იქნება ძალიან საგრძნობი და ხელშესახები. იცით, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტების სპექტრი ძალიან ფართოა - იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესი, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგოქსელები, პანდემიასთან ბრძოლა, ვაჭრობა - ძალიან დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი სფეროებია. დღეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენს კლიენტებს პანდემიის კონტექსტში სწრაფი და მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ. მიმდინარე წელს ალბათ ნელ-ნელა შევიცვლით ფოკუსს და უფრო ინვესტიციებტევადი პროექტების დაფინანსებაზე გადავერთვებით,”- განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ.

EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან გამართული ვირტუალური შეხვედრების შემდეგ, BMG-სთან განაცხადა, რომ მას მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.