Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს


მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ადგილობრივ დონეზე პასუხისმგებელი პირები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან. ასე იქცევა საქართველოს ხელისუფლებაც და კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას ურჩევს.

საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, 13 მარტს, მანამდე კი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თქვა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.

"თუ ასეთი აუცილებლობა დადგება ხვალ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ", - განმარტა პრემიერმა.

არც ერთ მათგანს არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება გადავიდეს ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა:

"მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული. ეს გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ უკონტროლოდ ვრცელდება ვირუსი და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს".

ერთ-ერთი მიზეზი, როცა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია, სწორედ ეპიდემიის დროს უსაფრთხოების დაცვაა. ეპიდემიის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ერთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა 2006 წელსაც გამოცხადდა. პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, ფრინველის გრიპის თავიდან ასარიდებლად ხელვაჩაურის რაიონში მოსახლეობას და საწარმოებს ფრინველები ჩამოართვეს და გაანადგურეს. გარდა ამისა, მოეწყო შესაბამისი დეზობარიერები და დაწესდა სხვადასხვა შეზღუდვა.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი, ამბობს, საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი იყოს, რადგან იზღუდება რიგი კონსტიტუციური უფლებები.

"რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც ნებაყოფლობითი ხასიათისაა, საგანგებო მდგომარეობის დროს სავალდებულო შესასრულებელი ხდება. ახლა ქუჩაში 100 კაცი რომ შეიკრიბოს, ხელისუფლება ვერაფერს იზამს, საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ამას აღკვეთს შესაბამისი ორგანო", - ამბობს ის.

რას გვეუბნება საქართველოს კანონმდებლობა საგანგებო მდგომარეობაზე

საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის რომელიმე ნაწილში ან მთელ ტერიტორიაზე პრემიერის წარდგინებით პრეზიდენტი აცხადებს. შემდეგ დოკუმენტი პრემიერს უბრუნდება და ხელს აწერს. სწორედ ამ მომენტიდან აქვს დოკუმენტს მოქმედების ძალა. თუმცა პროცედურული ნაწილი ამით არ სრულდება. დოკუმენტს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი ცხადდება საქვეყნოდ და გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

გარდა ამისა, პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დოკუმენტს - დეკრეტს. ეს დოკუმენტი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. მაგალითად, მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააკავოს ადამიანი; აუკრძალოს გადაადგილება; შეუზღუდოს პირადი სივრცე ან კომუნიკაციის საშუალებები. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს პირის იზოლაციის ან კარანტინში მოთავსების გადაწყვეტილებას იღებს შსს. უწყებას იგივე ფუნქცია ეკისრება ეპიდემიისა თუ პანდემიის დროსაც.

პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტითვე შესაძლებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შეჩერება. გარდა ამისა, შეიძლება შეიზღუდოს საკუთრების უფლებაც - კერძო საწარმოებს განსაკუთრებული რეჟიმი დაუწესონ ანდა ისარგებლონ მათი ქონებით შესაბამისი ანაზღაურების გაწევის სანაცვლოდ.

"საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურენი, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული", - ვკითხულობთ კანონში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსთან ბრძოლაში კერძო კლინიკების ჩართულობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, სახელმწიფოს მსგავსად, სალიცენზიო პირობებით, სხვადასხვა პროფილის მიუხედავად, მათაც ევალებათ, საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ პაციენტების მისაღებად.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელისუფლებას უფლებას მისცემს, მანამდე კორონავირუსისთვის გაცემული რეკომენდაციები გაამკაცროს და სავალდებულო გახადოს - კერძოდ, შემოიღოს მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი; აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა.

საიას იურისტი ამბობს, რომ თუ მოქალაქეთა მასობრივ შეკრებაზე აკრძალვა დაწესდება, იგივე რეგულაცია შეეხება ყველა რელიგიურ შეკრებასაც.

საგანგებო მდგომარეობა ცხადდება კონკრეტული ვადით, რომლის შესახებაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს აცნობებს. ვადის გასვლის შემდეგ ყველა მოქალაქეს ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შეუძლია.

ქვეყნები, სადაც ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა: აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, ლატვიაში, უნგრეთსა და ესპანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG