მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაწუხებს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ზოგიერთი რეფორმა დააზიანა"- ერიკა ოლსონი

61b1c441c0a71
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.21 13:10
988
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონის განაცხადებით, აშშ შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა "დააზიანა" ის პროცესები, რომელთაც აშშ მხარს უჭერდა, მათ შორისაა სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმები. 

ამის შესახებ ოლსონმა გამოცემა Foreign Policy-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა დააზიანა ზოგიერთი ეს პროცესი. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ოლსონმა.

ამავე ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საქართველოს ექს-პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ შექმნილ აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) პრეზენტაციას დაეთმო, სადაც ბახტაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი უნდა იყოს. ბახტაძემ დაასახელა ორი მიზანიც, რის მიღწევასაც შეეცდება, ესენია აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მხარდაჭერა და საქართველოში ამერიკული DFC-ის რეგიონული ოფისის გახსნის ადვოკატირება.