მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარელი ბრენტის ღირებულება 120 დოლარამდე გაიზარდა - გაძვირების მიზეზები

62947214a62af
გიორგი თოლორდავა
30.05.22 11:46
1314
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ძლიერ აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება: ბარელი Brent-ის ღირებულება 120-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა; WTI Crude-ის ფასი კი 115-117 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც გასული ორი თვის უმაღლესი მაჩვენებელია.

უკანასკნელ პერიოდში ნედლი ნავთობის ფასების ზრდა სამ ძირითად ფაქტორს უკავშირდება. პირველი და უმთავრესი ევროკავშირის გადაწყვეტილებაა - დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი უნდა განიხილონ, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მოიცავს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის იმპორტის სრული და მყისიერი აკრძალვა ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რადგან რუსული ნავთობის სრულად ჩანაცვლებას გარკვეული დრო და ინვესტიცია სჭირდება.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ სრული აკრძალვის, არამედ ნაწილობრივ შეზღუდვის ალტერნატივასაც განიხილავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასებზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქდეს.

მეორე ძირითადი ფაქტორი ჩინეთში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას და შანხაიში ლოკდაუნის გაუქმებას უკავშირდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას, მობილობას და საწვავზე მოთხოვნას. გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთის ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის შეზღუდვა კი დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე.

ნავთობის ფასების ზრდის მესამე მიზეზი უშუალოდ წარმოების და მიწოდების საკითხებს უკავშირდება - ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) არ გეგმავს საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის დაგეგმილზე მეტად მიწოდებას, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომით არსებითად შეცვლილი ვითარებისა.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებითაც: აგვისტო-სექტემბრის ფიუჩერსები 110-113 დოლარის ფარგლებში ივაჭრება; ოქტომბერი-ნოემბრის კონტრაქტების 105-107 დოლარის დიაპაზონშია, ხოლო დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება ამჟამად 103 დოლარს აღწევს. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ფიუჩერსების ფასების 91-100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.