მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$873-მილიონის ინტერვენციების მიუხედავად, 2020-ში სავალუტო რეზერვები $400 მლნ-ით გაიზარდა

5ffdb51053497
შოთა ტყეშელაშვილი
12.01.21 19:20
1059
2020 წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვები $404 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და მან 31 დეკემბრისთვის $3.9 მილიარდს მიაღწია. რეზერვების მოცულობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ლარის დასტაბილურებისთვის გაყიდული 873 მილიონი დოლარის მიუხედავად გაიზარდა.

2020 წელს ჯამურად ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 26 სავალუტო ინტერვენცია გამართა.

რეზერვების ზრდა საქართველოს მიერ კრიზისის პერიოდში მოზიდული $1.5-მილიარდიანი საგარეო ვალის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

შედარებისთვის, 2020 წელს ინტერვენციებზე დახარჯული $873 მილიონი დოლარი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე წლის განმავლობაში განხორციელებული სავალუტო აუქციონები. მაგალითად, 2016 წლის კრიზისის დროს აუქციონების გზით სებ-მა $280 მლნ გაყიდა, 2015 წელს ეს თანხა $287 მილიონი დოლარი, 2014-ში კი - $300 მილიონი იყო.



ლარის გაცვლითი კურსი 2020 წელს ყველაზე მკვეთრად კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს გაუფასურდა. 1 მარტს ერთი დოლარი 2.79 ლარი ღირდა, ორი კვირის ვადაში დოლარის გაცვლითმა კურსმა ჯერ 2.99-ს მიაღწია, შემდეგ კი პიკურად გაუფასურდა და დოლარის ღირებულება 3.40 ლარს გადასცდა. ლარის არსებობის ისტორიაში დოლარის მაქსიმალური კურსი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ერთი დოლარი 3.48 ლარი ღირდა.

ასეთი გაუფასურების შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელება. მარტში სებ-მა სამი სავალუტო აუქციონი გამართა და $100 მილიონი გაყიდა. თვის ბოლოს პანიკური ვაჭრობა შეჩერდა, მთავრობამ კი ანტიკრიზისული გეგმისა და დონორების დახმარების შესახებ განაცხადა. ამ გზავნილებმა აპრილში ერთი დოლარის ღირებულება 3.15 ლარამდე შეამცირეს.

ივნისში ლარი შედარებით გამყარდა და დოლარის ღირებულება 2.95 ლარი გახდა. მალევე კურსი კვლავ გაუფასურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ტურიზმის შესახებ შეცვლილ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რადგან საზღვრების გახსნა მთავრობის მიერ თავდაპირველად დაპირებული გეგმით არ წარიმართა და ის რამდენჯერმე გადაიდო.

სექტემბრიდან კი, ლარის მერყეობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ამავე პერიოდში აშკარა გახდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა მწიფდებოდა, რასაც ლოგიკურად ხელმეორე "ლოქდაუნი" შეიძლება მოყოლოდა. სწორედ ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები გააქტიურა. შედეგად, წლის მეოთხე კვარტალში $500 მილიონი დოლარის სავალუტო აუქციონები განხორციელდა.

2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგმა აღნიშნა, რომ საქართველოში სავალუტო ინტერვენციების საჭიროება 2021 წლის განმავლობაშიც იარსებებდა. 2021 წლის 6 იანვარს სებ-მა პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და მასზე $30 მილიონი დოლარი გაყიდა.