მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარდგენილი 500 მლნ-ის პროგრამა მხოლოდ 2021 წელზე არაა გათვლილი

6086a5e284f5d
BM.GE
26.04.21 19:03
944
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა 500-მილიონიანი პროგრამა, რომელიც რეგიონული განვითარების ხელშეწყობისთვის არის განკუთვნილი.

„ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია ის ფაქტი, რომ 500-მილიონიანი პროგრამა არა წელს, არამედ 4 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნახევარი მილიარდი ლარი მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერაზე 4 წლის განმავლობაში დაიხარჯება.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ საიდან მოხდება ამ პროგრამის დაფინანსება განაცხადა, რომ დაფინანსების ძირითადი წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებტან გაფორმებული ხელშეკრულებები იქნება, რომელთა გადამისამართებაც ამ პროგრამაზე მოხდება.

“პროექტში შეთანხმებული პროგრამების ფარგლებში ჩართული იქნებიან ისეთი დონორები, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი. დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოხდება. დონორების წილი იქნება 150 მლნ-ზე მეტი, ხოლო 300-350 მლნ-მდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ეს სხვადასხვა პროგრამებია, რომლებიც სახელმწიფოს იმაზე ნაკლები დაუჯდა, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო, მათ შორის ტენდერების ჩატარების ხარჯზე, სადაც ეკონომიები დაფიქსირდა.

350 მლნ ლარი პლიუს დონორების 150 მლნ ლარი, ეს ამ პროექტის პირველი ეტაპია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ 500 მლნ ლარის დახარჯვა წელს ვერ მოესწრება. დაახლოებით 300-350 მლნ ლარის ათვისება მოხდება მიმდინარე წელს, შესაბამისად ამ მიმართულებით თანხების მოძიების არანაირი პრობლემა არ არსებობს, პირიქით დონორების ნაწილში ეს თანხა ჯამურად 180-200 მლნ ლარის ფარგლებში იქნება და იმის მიხედვით განაწილდება, თუ რა პროპორციით იქნება ათვისება.

ეს ხელშეკრულებები დამტკიცებულია, რომლის რეპროგრამირება მოხდება და ამ მიმართულებით მიმართვა. აქ არანაირად საუბარი არ არის დონორების ნაწილში დამატებითი ვალის აღებაზე, ხოლო საბიუჯეტო ნაწილში საუბარი არ არის დამატებით საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2.36 მილიარდ ლარს დახარჯავს. აქედან ძირითადი ნაწილი 1.5 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურისთვის არის გათვალისწინებული.

რეგიონული ინფრასტრუქტურის განახლებაზე წლევანდელი ბიუჯეტით ისედაც 241 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, ამასთან რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 348 მილიონი ლარია.

ამ დროისთვის უცნობია ფაქტობრივად რა მოცულობის თანხა დაიხარჯება 2021 წელს იმ პროგრამაზე, რომელიც დღეს წარადგინეს.

პროგრამის შესახებ მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკანონმდებლო მაცნეზე დღეს მიღებული დოკუმენტი აიტვირთება.