ნიკა სიმონიშვილი - ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატები იმ არჩევნებთან ასოცირდებიან, რომელმაც დიდი უნდობლობა გამოიწვია - კომისიამ მიიღო ცუდი და დაბალი სტანდარტის გადაწყვეტილება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ მოიპოვებენ.

ამის შესახებ სიმონიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ აღნიშნულ კანდიდატებთან მიმართებაში „ძალიან ცუდი, დაბალი სტანდარტის გადაწყვეტილება მიიღო“.

„საია-ს, TI-ს, ISFED-ს და IDFI-ს თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაგვიჭერია. კანდიდატების ნაწილზე დამოუკიდებლობასთან მიმართებით არსებობდა პირდაპირი კითხვის ნიშნები, ნაწილთან მიმართებით კი, კვალიფიკაციის. რაც შეეხება შერჩეულ ორ კანდიდატს - გიორგი კალანდარიშვილს და გიორგი სანტურიანს, ისინი 2020-ის არჩევნებზე მაღალ თანამდებობას იკავებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იმ არჩევნებთან ასოცირდებიან, რომელმაც საზოგადოებაში ძალიან დიდი უნდობლობა გამოიწვია. ეს ადამიანები მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ მოიპოვებენ. აქედან გამომდინარე, არ იყო კომისიის გადაწყვეტილება სწორი და დასაბუთებული. ჩემი აზრით, მათთან დაკავშირებით კომისიამ ძალიან ცუდი, დაბალი სტანდარტის გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მე პირადად და ჩემმა კოლეგებმა სამ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი - ლელა ტალიურს, თამარა სართანიას და ანა მიქელაძეს. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მხარი არ დაგვიჭერია. ერთ კანდიდატთან - მაია ზარიძესთან მიმართებით მე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს, კერძოდ, მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გია ცაცაშვილს, გასაუბრებაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა გარკვეული ეჭვები მასთან დაკავშირებითაც გამიჩნდა, რის გამოც, გადაწყვეტილება ვერ მივიღე მისთვის ნდობა გამომეცხადებინა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სანტურიანი შეარჩია. გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურები 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტმა გადაწყვეტილება წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მიიღოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა